Nov 2, 2016


ნუ იქნები ტარაკანა-მოიკალი თავი !

(ანუ დანტე გუშინ და დღეს)

არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც სან-ჯოვანის ბაპტისტერიუმში {2} შესვლისას შეუძლებელია არ ახედო ჭერს. რვაწახნაგა ნეკვერჩხალი, რომელიც თავზე დაგნათის და ცეცხლოვან ცეკვაზე გეპატიჟება 25 მეტრი დიამეტრზეა გადაფენილი. მბჟუტავი, ქარვისფერ-ოქროსფერი ზედაპირი არათანაბრად ირეკლავს მასზე დაცემულ სინათლეს. ლიცლიცის ამ ეფექტს კიდევ უფრო ზრდის გუმბათში დატანებული მრგვალი სარკმელი, რომლიდანაც მზის სინათლე იატაკს ეცემა და ზეციდან დაშვებული სვეტის ილუზიას ჰქმნის. სწორედ, აქ მოინათლა და მსახურობდა დანტე ალიგიერი და  პირდაპირი მნიშვნვნელობით ეწვია შთაგონება ციდან. ფერადი მინისგან ხელით გამოკვეთილი მილიონამდე ფირფიტა, რომლებზეც ბიბლიური სცენებია გამოსახული ექვსწრედადაა განლაგებული მთელ დარბაზში. აქვე მყოფი  მოზაკა თითქოს „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაცია იყოს, მაგრამ ის აქ დანტეს დაბადებამდე გაცილებით ადრე განათავსეს. მოზაიკის ცენტრში, მთავარი საკურთხევლის თავზე იესო ქრისტეა გამოსახული. მისგან ხელმარჯვნივ მართალი სულები მარადიული სიცოცხლით ჯილდოვდებიან,  ხოლო მარცხნივ ცოდვილებს წვავენ, ქვით ქოლავენ და მათ ხორცს სხვადასხვაგვარი ამაზრზენი არსებები გლეჯენ. ადამიანთა გვემას აკვირდება უზარმაზარი
სატანა, რომელიც კაციჭამია მხეცის სახითაა გამოსახული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულებამ საბოლოოდ შთააგონა კიდეც პოეტი მკაფიოდ აღეწერა ჯოჯოხეთის ბოლო წრის მდგომარეობა. ეშმაკის{1}  პირიდან ამოჩრილი ცოდვილის ფეხები ზუსტად მეორდება დანტესეულ ინფერნოში{ ნახევრად მიწაში ჩაფლული ადამიანები}. ამასთანავე Lo’mperador del doloroso regno-ს (ტანჯვის სამყაროს მეუფეს) ყურებიდან ორი მსხვილი გველი მოძვრება, ამიტომაც შეიძლება მოგეჩვენოთ თითქოს მას სამი თავი ჰქონდეს , როგორც დანტეს ინფერნოს უკანასკნელ სიმღერაშია. ამბობენ, სწორედ ამ ბაპტისტერიუმში შეხვდა დანტე ბეატრიჩეს, მისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, და სწორედ მას მიუძღვნაო „კომედია“, ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, დანტეს მიერ შექმნილმა ინფერნომ სრულიად გარდაქმნა შუა საუკუნეებში გამეფებული წარმოდგენები სიკვდილის შემდგომი ტანჯვის შესახებ. მანამდე არასდროს დაუპყრია ამ რაოდენობის ხალხის გონება ჯოჯოხეთის სატანჯველ თემას. დანტეს ქმნილებამ ერთი დარტყმით შეცვალა ჯოჯოხეთის აბსტრაქტულობის იდეა მკვეთრი და საზარელი სურათით-თვალხილული, მომნუსხველი და დაუვიწყარი სცენებით.მშვენიერების, ამაღლებულობისა და ტრაგიკულობის პირმშო დაბადებიდანვე შეიმოსა პირქუში ხელოვნების მანტიით და დღემდე არ დაუკარგავს ადამიანთა სულებში მღელვარების გამოწვევის უნარი. მან ღრმად გაიდგა ფესვები მორწმუნეთა და ხელოვანთა ცნობიერებაში. მის შემდეგ, ისტორიის რა ნაკუწიც არ უნდა ავიღოთ ყველგან შევხვდებით პატარა ინფერნოს, დღეს, სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან წავაწყდებით დანტეს ჯოჯოხეთის პირდაფჩენილ ხახას, რომელიც თითქოს შეუჩერებლივ ღაღადებდეს „შენთვისაც მაქვს ადგილი“. [1] აღარაფერს ვიტყვი ბოტიჩელის ნაშრომზე. დანტეს იმხელა ადგილი უჭირავს ამ უკანასკნელის შემოქმედებაში, რომ ჯორჯო ვაზარის თქმით, „მის ცხოვრებაში ძალიან დიდი უწესრიგობა შეიტანა“. ლონგფელო,
ჩოსერი, მარქსი, მილტონი, ბალზაკი, ბორხესი თთოეულ მათგანთან მოიპოვება ნაწარმოები რომელიც ინფერნოთია შთაგონებული.მონტევერდიმ,  ლისტმა,  ვაგნერმა, ჩაიკოვსიმ და პუჩინიმ კი  ჯოჯოხეთი ჩვენივე ყურით მოგვასმენინეს. სწორედ დანტეს მდიდარმა, მვეთრმა ფერებმა და დაუვიწყარმა სიმბოლოებმა შექმნეს როდენის {4} სამი აჩრდილი, ბლეიკის „ვნებათამოყვარენი“, ბაიროსის „ცოდვილი სულები“, სალვადორ დალის ხეზე ამოკვეთილი და აკვარელში შესრულებული უცნაური გრავიურების სერია, მიქელანჯელოს „პატარა საიდუმლოს“ გასაღებიც კი ინფერნოა. „საშინელ სამსჯავროზე“ ამან აგატიტი ჯვარზე გაკრულია გამოსახული, როგორც პოემაშია,  წმინდა წერილის თანახმად კი ის ჩამოახრჩვეს.
რენესანსის ეს პირმშო აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაშიც ძალიან პოპულარულია. დევიდ ფინჩერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „7“{3} სწორედ მასზე დაყრდნობითაა შექმნილი. საყურადღებოა ისიც, რომ დანტეს „კომედიას“ იმდენად უმოქმედია იაპონელ სერიულ მკვლელზე ზედტეტსახელად „წვაზე“,{5} რომ მას  თავის ეზოში ინფერნოს მოწყობა უცდია. მას 18 კაცი ჰყავდა მოკლული და კიდევ 17 მოკვლას აპირებდა სრული 9 
წრის ინსცენირებისთვის, თუმცა გვამებმა მიწაში ლპობა დაიწყეს, რის გამოც მკვლელმა მათი იანოლითა და სილიკონით ამოვსება დაიწყო. მეზობლები იანოლისთვის დამახასიათებელმა მძარფრმა სუნმა შეაწუხა, რის გამოც მათ პოლიციას გამოუძახეს. ამ დეტალის გარეშე ინფერნოს საქმის გახსნა ნამდვილად რთული იქნებოდა. ყველაზე მთავარი მესიჯი  „ღვთაებრივ კომედიაში“ არის ის რომ ადამიანმა სამოთხის მოსაპოვებლად ჯერ ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს. სიკვდილს მოჰყვება დაბადება, შავ ჭირს-რენესანსი. დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ ახალ შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ. მალე ცოდვასა და უიმედობაში ჩაძირული მოსახლეობა სივიწროვითა და შიმშილით დაიტანჯება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით , მიმდინარე ასწეულის შუაში მოსახლობა 10 მილიარდს გადააჭარბებს. ამოწურვად ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, სუფთა წყლის მოპოვება სულ უფრო რთული ხდება, ინკუბატორში მყოფი დანტეს პატარა ინფერნო ამ ყველაფერთან პარალელურად გეომეტრიული პროგრესიით სიმსივნური უჯრედივით იზრდება ტვინში და გვიბრუნდება კაცობრიობას თავისი დიდებულებით. მეცნიერების აზრით, სტრესულ პირობებში ისინი, რომელთაც არასდროს მოსვლიათ თავში რაიმეს მოპარვა, დაიწყებენ ქურდობას, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს მოკვლა, გახდებიან მკვლელები. თავს იჩენს დანტეს მიერ აღწერილი ყველა მომაკვდინებელი ცოდვა : ანგარება, მრისხანება, სასოწარკვეთა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება, და შური. მაკიაველი ვარაუდობდა მოსახლეობის ასეთი ტემპებით ზრდას და მის ერთ-ერთ „წამლად“ შავი ჭირი ესახებოდა. დღეს ამ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერების უმეტესობა სწორედ ამ აზრზეა. რათა აცილებული იქნეს დანტეს ჯოჯოხეთი დედამიწაზე მათი აზრით საჭიროა ისეთი ბიოლოგიური იარაღი, რომელიც მოსახლეობის კონტროლის საშუალებას მოგვცემს „აქ ახლა სულის სიმტკიცეა საჭირო“[1] ამის საშუალებას სამომავლო პერსპექტივაში კი გენური ინჟინერია იძლევა. National Geographic-თან მიცემულ ინტერვიუში, ჯეისონ ტრიტი და რაიან უილიამსი საუბრობენ გენურ ინჟინერიაზე, როგორც გენთა ხელოვნებაზე, ამ ტექნიკის დახმარებით შესაძლოა გენთა ისეთი ნახატის შექმნა, რომელსაც ჯერ დედა ბუნებამაც კი ვერ შთაბერა სული. მისი გამოყენებით შესაძლებელია როგორც კო
ღოს მიერ მალარიის გადამტანი გენის „დაჩლუნგება“ , ასევე ადამიანში უშვილობის გამოწვევა (ამჟამინდელი ზიანის მიყენების გარეშე) . სწრორედ ეს მომენტი გახდა დღევანდელი ექსტრემისტი მეცნიერების ამოსავალი წერტილი და გარდამტეხი მოვლენა დენ ბრაუნის შემოქმედებაში. ამ უკანასკნელის  „ინფერნო“ ნაზავია დანტესეული ჯოჯოხეთის სიგიჟისა და მათემატიკის სისასტიკისა.
წიგნის ფურცლებიდან ბიოლოგიურ იარაღამდე დიდი და რთული გზაა გასავლელი, დროის გამანადგურებელი წნეხის ქვეშ. თუმცა დანტე ალიგიერი აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ რენესანსული დასავლური სამყარო, არამედ 21-ე საუკუნეშიც კი თავდაყირა აყენებს ცნობიერბას. ტანჯვათა ყველანაირი შესაძლო ფორმა, რისი წარმოდგენაც კი კაცს შეუძლია, ყველაზე სრულყოფილად მასთანაა ხორცშესხმული. უიღბლო სიყვარულით დაღდასმული პოეტის შეშლილი გონების ნაყოფი კი დღემდე რჩება კაცობრიობის ყველაზე გავლენიან და ამოუცნობ ქმნილებად. 


[1] ციტატა „ღვთაებრივი კომედიიდან“ 



[1] იესო ქრისტეს სიტყვების ( „მე მივდივარ სამოთხეში, რათა გავამზადო ადგილი შენთვის“) ანტიპოდი

გამოყენებული ლიტერატურა

Ø წიგნები

            ü  დანტე ალიგიერი-„ღვთაებრივი კომედია“

ü  დენ ბრაუნი-„ინფერნო“

ü  ბიბლია

Ø ინტერნეტ მასალა

ü  https://research.bowdoin.edu/dante-today/

Ø ჟურნალები

ü  “Christian History”- ნომერი-116 , 2013 წელი. „ნაწარმოები, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და ეკლესია“

ü  National Geographic- ნომერი  8 , 2016 წელი.„დნმ რევოლუცია“

Ø ტელეგადაცემები

ü  “Criminal Minds”-GDS

ü  „The end of Earth-Overpopulation” – National Geographic



 

No comments: